ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ენერგეტიკული დანადგარის მქონე უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ განაცხადა
ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ენერგეტიკული დანადგარის მქონე უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა წყალქვეშა უპილოტო აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდის შესახებ, რომელიც აღჭურვილია ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით. პუტინმა ამის შესახებ დაჭრილი სამხედროების მონახულებისას ისაუბრა.

პუტინის თქმით, გამოცდის დროს „პოსეიდონის“ ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი წარმატებით ამუშავდა და აპარატი „გარკვეული დროის განმავლობაში მოქმედებდა“. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ბირთვული დანადგარით აღჭურვილ აპარატს უნიკალური სიჩქარითა და სიღრმეში შეუძლია მოძრაობა.

„გარდა ყველა იმ უპირატესობისა, რომლებზეც რაკეტა „ბურევესტნიკის“ შემთხვევაში ვსაუბრობდი, აქაც მინიმალური ზომებია, ბირთვული რეაქტორი 100-ჯერ პატარაა, ვიდრე წყალქვეშა ნავზე. სამაგიეროდ, „პოსეიდონის“ სიმძლავრე მნიშვნელოვნად აღემატება ჩვენი ყველაზე პერსპექტიული შორი მანძილის საკონტინენტთაშორისო რაკეტის, „სარმატის“, სიმძლავრეს. ასეთი იარაღი მსოფლიოში არ არსებობს“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, მანამდე პუტინმა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა გაავრცელეს ინფორმაცია ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ გამოცდის შესახებ. „ბურევესტნიკზე“ გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პუტინს ურჩია, რაკეტების გამოცდის ნაცვლად, უკრაინაში ომი დაასრულოს.