ვლადიმირ პეტკოვიჩი - საქართველოსთან ფავორიტები ვართ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ
23 მარტს, ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი თამაშები დაიწყება: საქართველოს ნაკრები ტურნირს საშინაო მატჩით გახსნის. ჯვაროსნების მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება, რომელმაც ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა.
ოფიციალურ შეხვედრებში საქართველო შვეიცარიას მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში საქართველო მეტოქეს ბაზელში ესტუმრა და 1:4 დამარცხდა, 2013 წლის 2 აპრილს კი, მიხეილ მესხზე 0:0 ეთამაშა.
ახლა შვეიცარია სულ სხვა დონის ნაკრებია: 2002-2003 წლებში ჩვენი მეტოქე ფიფას რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებდა, ბოლო სამი წელი კი, საუკეთესო ათეულშია და ამჟამად მე-8 პოზიციაზეა. ამავე დროს, გუნდი სისტემატურად ხვდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს მსგავსად, შვეიცარიამ გაიმარჯვა ჯგუფში, თუმცა ა დივიზიონში, სადაც მისი მეტოქე ბელგია და ისლანდია იყვნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში კი, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ბელგია 5:2 დაამარცხა.
ცნობილი გახდა, რომ თბილისში გუნდის ლიდერები ჰარის სეფეროვიჩი და შერდან შაჩირი ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ. შაჩირის ნაცვლად ვლადიმერ პეტკოვიჩმა შვეიცარიის ნაკრებში „იანგ ბოიზის” მარჯვენა მცველის 23 წლის კევინ მბაბუ გამოიძახა.
გამომგზავრებამდე ვლადიმირ პეტკოვიჩმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.
„კარგ სტარტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პოზიტიური დასაწყისი გვქონდა მუნდიალზე. თბილისში დავუპირისპირდებით გუნდს, რომელმაც ერთა ლიგაზე ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. მეტოქე შემართული, კრეატიული და ტექნიკური გუნდია. შინ, 50-60 ათასი მაყურებლის წინაშე კი, თამამად თამაშობს. ჩვენ ფავორიტები ვართ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმთავრესი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე არ ეყოლებათ – რაც შეეხება სეფეროვიჩისა და შაქირის არყოფნას – ისინი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომ რომ გუნდს მათი გამოკლება არ უნდა დაეტყოს“ – ამბობს პეტკოვიჩი.
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრა დინამო-არენაზე 23 მარტს დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.