ვლადიმირ პეტკოვიჩი - დაახლოებით ასეთ თამაშს ველოდი
ვლადიმირ პეტკოვიჩი - დაახლოებით ასეთ თამაშს ველოდი

დააახლოებით ასეთ თამაშს ველოდი. მიხარია, რომ ჩვენი ჩანაფიქრი გამართლდა და სტარტი მოგებით დავიწყეთ, რაც სატურნირო განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, – ეს საქართველოს ნაკრებთან ევრო2020-ს კვალიფიკაციის სასტარტო შეხვედრის მოგების (0:2) შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩმა განაცხადა.

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე „დინამო არენაზე” გამართული შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისი გუნდის ერთადერთი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო.

„ჩვენი თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, რომელსაც ბევრი პლუსი გააჩნია. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, ჩვენი რიტმი ვერ დავიჭირეთ. მეორე ნახევარი უკეთ ჩავატარეთ, უპირატესობა მოვიპოვეთ და რაც მთავარია, გავიტანეთ. ცუდი ისაა, რომ მეტი გოლის გატანა ვერ შევძელით,” – განაცხადა ვლადიმირ პეტკოვიჩმა.

კითხვაზე – საქართველოს ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც ელოდით თუ უფრო სუსტად – პეტკოვიჩმა ასეთი პასუხი გასცა: „დაახლოებით ისეთი თამაში გამოვიდა, როგორსაც ველოდი. ის, რომ საქართველოს ნაკრებმა დღეს ქულა ვერ მოიპოვა, ჩვენი კარგი თამაშის შედეგია. ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ. მაგრამ წარმატების საფუძველი დიდი შრომა და სწორი შეცვლებია. ჩვენ ახალგაზრდებსაც ვენდობით, რომლებიც თავს კარგად ავლენენ. ეს დღეს მეორე ნახევარშიც გამოჩნდა.სასტარტო მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რადგან მოთამაშეები პრესისგან გათავისუფლდებიან და დანიასთან მატჩისთვის მზადებას მშვიდად განაგრძობენ”.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს შეუძლია, რომ ჯგუფის ქულები წაართვას.

„მჯერა, რომ თქვენს ნაკრებს ფავორიტებისთვის სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. იმედია, ეს ჩვენთან არ მოხდება. ადრეც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა და ეს დღეს თუ არ გამოუვიდა, ირლანდიასთან ან დანიასთან მაინც შეძლებს,” – განაცხადა ვლადიმირ პეტკოვიჩმა.