ვლადიმირ მედინსკი - უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების ამოცანაა, ადრე თუ გვიან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე გასვლა, კონფლიქტის ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრით
ვლადიმირ მედინსკი - უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების ამოცანაა, ადრე თუ გვიან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე გასვლა, კონფლიქტის ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრით

უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების ამოცანაა, ადრე თუ გვიან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე გასვლა, კონფლიქტის საწყისი ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომელიც სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მედინსკიმ პრესასთან კომენტარი სტამბოლში, რუსეთის გენერალურ საკონსულოში გააკეთა მას შემდეგ, რაც ანკარაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით.

ვლადიმირ მედინსკიმ აღნიშნა, რომ გუშინ, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ჩაატარა თათბირი სტამბოლის მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის მოსამზადებლად, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, უსაფრთხოების, დაზვერვის ხელმძღვანელები, გენშტაბის უფროსი და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ჯგუფების მეთაურები. მისივე თქმით, თათბირზე განხილულ იქნა საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგი, უსაფრთხოების საკითხები, მდგომარეობა ეკონომიკასა და თავდაცვის მრეწველობაში, ასევე პრეზიდენტმა მოისმინა ანგარიში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.

„თათბირის ყველა მონაწილის ანგარიშის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დასახა ამოცანები და განსაზღვრა მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია სტამბოლში რუსეთის დელეგაციისთვის. ჩვენ განვიხილავთ ამ მოლაპარაკებებს, როგორც სტამბოლის სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას, რომელიც უკრაინულმა მხარემ, სამწუხროდ, სამი წლის წინ შეწყვიტა. ჩვენი ოფიციალური დელეგაცია დამტკიცებულია პრეზიდენტის განკარგულებით და აქვს ყველა აუცილებელი კომპეტენცია, უფლებამოსილება მოლაპარაკებების წარმოებისთვის. დელეგაცია კონსტრუქციულადაა განწყობილი შესაძლო გამოსავლის და შეხების წერტილების საძიებლად. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების ამოცანაა, ადრე თუ გვიან გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე გასვლა, კონფლიქტის საწყისი ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრით“, – განაცხადა მედინსკიმ.