ვლადიმირ მედინსკი - რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პოზიციები საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა კი ფრთხილად უნდა მომზადდეს
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, „მხარეთა პოზიციები საკმაოდ შორსაა ერთმანეთისგან“.
როგორც მედინსკიმ აღნიშნა, რუსეთისა და ურაინის დელეგაციების შეხვედრაზე განიხილეს მხარეთა მიერ 2 ივნისს გაცვლილი მემორანდუმები.
მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმება იქ არ უნდა განიხილებოდეს, არამედ უნდა გაფორმდეს.
მედინსკიმ კიევის მიერ შეთავაზებულ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პოტენციურ შეხვედრაზეც გააკეთა განცხადება. როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრა ფრთხილად უნდა მომზადდეს.
ამასთან, მედინსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე 250 სამხედრო ტყვესგან შემდგარი ჯგუფების გაცვლა სრულდება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში თითოეული მხრიდან, სულ მცირე, 1 200 სამხედრო ტყვე გაიცვლება“, – აღნიშნა მედინსკიმ.
მისივე თქმით, ასევე განიხილეს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნების საკითხიც.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შევთავაზეთ უკრაინას, განიხილოს ის, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიგვაჩნია: მოკლევადიანი, 24-48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება კონტაქტის ხაზზე, ფრონტის ხაზზე, რათა სამედიცინო ჯგუფებმა შეძლონ დაჭრილების გაყვანა, მეთაურებმა შეძლონ თავიანთი ჯარისკაცების ცხედრების ამოცნობა“, – განაცხადა მედინსკიმ.