ვლადიმერ ვადაჭკორია, რომელსაც მეუღლე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო დაუპირისპირდა, აცხადებს, რომ 31-წლიანი ურთიერთობას პოლიტიკა ვერ დაანგრევს
გარკვეული პერიოდი მე და ჩემი მეუღლე ოჯახის შესანახად ცალ-ცალკეც ვცხოვრობდით და არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი ან გრიგოლ ვაშაძე ჩვენ შორის ჩადგეს, – ამის შესახებ ვლადიმერ ვადაჭკორიამ განაცხადა, რომელსაც მეუღლე, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო დაუპირისპირდა. ვლადიმერ ვადაჭკორიამ ეს განცხადება „გურიანიუსთან“ გააკეთა.
მისი თქმით, სისულელეა, რომ ახლა 31-წლიანი ურთიერთობა პოლიტიკამ დაანგრიოს.
„ჩვენ პოლიტიკის გარეშეც ბევრი პრობლემები გვქონდა ცხოვრებაში. იყო წლები, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, იმის გამო, რომ ოჯახები შეგვენახა და არ მგონია ახლა, რომ სალომე ზურაბიშვილი ან გრიგოლ ვაშაძე ჩვენ შორის ჩადგეს. მე მესმის თქვენი, ჟურნალისტი ხართ და ამ კითხვებს სვამთ და თქვენი მისამართით არ ვამბობ, მაგრამ სისულელეა, რომ ახლა, 31-წლიანი ურთიერთობა პოლიტიკამ დაანგრიოს“, – განაცხადა ვადაჭკორიამ.
„რესპუბლიკური პარტიის“ მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გამო, ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი თამარ დუმბაძე მეუღლეს, ვლადიმერ ვადაჭკორიას დაუპირისპირდა.
ვლადიმერ ვადაჭკორია „რესპუბლიკური პარტიის“ ოზურგეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. თამარ დუმბაძე აცხადებს, რომ წლებია, თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ემიჯნება მეუღლის პოლიტიკურ შეხედულებებს.