ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინის შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი განმარტავს, დიალოგი კონსტრუქციული ხასიათის იყო და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.
„საუბარს მეგობრული, კონსტრუქციული ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციის განხილვას ეძღვნებოდა. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს მეგობრულად დაემშვიდობნენ“, – აღნიშნა უშაკოვმა.
ვლადიმერ პუტინის თანაშემწის თქმით, ორივე მხარე მსგავს მიდგომებს იზიარებს და ისრაელის ქმედებებს აკრიტიკებს.
„ჩვენმა ხელმძღვანელმა დაადასტურა რუსეთის მზაობა, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს შესაძლო შუამავლის ძალისხმევა“, – განაცხადა უშაკოვმა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა მსგავს ინიციატივას, რადგან, სი ძინპინის აზრით, ეს შეძლებს არსებული მწვავე სიტუაციის დეესკალაციას.
„როგორც მოსკოვი, ისე პეკინი თვლის, რომ არსებული სიტუაციისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ძალადობრივი გადაწყვეტა არ აქვს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
პარალელურად, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ჩინური მხარეც და აღნიშნავს, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა მთავარი პრიორიტეტია.
„ცეცხლის შეწყვეტა და მტრული მოქმედებების შეწყვეტის ხელშეწყობა არის მთავარი პრიორიტეტი. სამხედრო ძალა არ არის სწორი გზა საერთაშორისო დავების მოსაგვარებლად“, – აღნიშნა სი ძინპინმა.