ვლადიმერ პუტინმა რუსულ-ჩინურ ტანდემს საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი და მსოფლიოში შეკავებისა და წონასწორობის ფაქტორი უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე, ჩინეთის ქალაქ შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შედეგები შეაფასა.
რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრას ისტორიული უწოდა. პუტინმა აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატი აქამდე არ ყოფილა და გამოთქვა სურვილი, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს.
მისი თქმით, ოფიციალური ნაწილის შემდეგ თავისუფალი დისკუსია გაიმართა, რომლის ინიციატორი და ტონის განმსაზღვრელი სი ძინპინი იყო.
ამასთან, კითხვაზე, „ნიშნავს თუ არა ეს გლობალური უსაფრთხოების ახალ ფორმატს ან მსოფლიო წესრიგის საწყისს“, პუტინმა უპასუხა, რომ „არც ერთი და არც მეორე“. პუტინის თქმით, ეს ჯერ არ არის ახალი ფორმატი, თუმცა შეხვედრა იყო შინაარსიანი, რომლის მიზანიც იყო სამი ქვეყნისთვის ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძიება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში.
სი ძინპინთან ორმხრივ კონტექსტში კი პუტინმა „რუსულ-ჩინურ ტანდემს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი „ქვაკუთხედი“ და მსოფლიოში „შეკავებისა და წონასწორობის ფაქტორი“ უწოდა.
„ადრე ასეთი შეხვედრები არ ყოფილა, აი, ის შედგა. ეს, უდავოდ, რაღაც გვერდია დიპლომატიის ისტორიაში. რა იქნება შემდეგ, ღმერთმა იცის, მაგრამ ძალიან მინდოდა, ამას გაგრძელება ჰქონოდა, თუნდაც საკვანძო მიმართულებებზე პოზიციების შეჯერების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, შეთანხმება თუ არა, ურთიერთგაგება მაინც შედგა. ამ შემთხვევაში, ჩინეთის როლი განმსაზღვრელია, რადგან სწორედ თავმჯდომარე სი ძინპინი გამოვიდა ასეთი შეხვედრის ინიციატორად და ვხედავ, რომ ის შედგა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძირითადად იმიტომ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ შეძლო თავისუფალი დისკუსიისთვის თავისუფალი, ბუნებრივი გარემოს შექმნა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, საერთაშორისო უსაფრთხოება დიდწილად რუსეთზე, ჩინეთსა და აშშ-ზეა დამოკიდებული. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და კორეის ნახევარკუნძულის კრიზისები, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, თავისუფალი ნაოსნობა, ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები, გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობა, ასევე დასავლეთის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მუშაობის ბლოკირებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კომპეტენციის საკითხები. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ კონფლიქტებში რეალობასთან ისევე მოუწევთ შეგუება, როგორც ეს იალტის კონფერენციის დროს მოხდა, ხოლო ტრამპთან „ცივილიზაციური ღირებულებების“ მიმართ მიდგომებში სიახლოვე დაინახა.
„უკეთესია, თუ არსებობს რაღაც შეთანხმებები, თუნდაც ბოლომდე არ განხორციელდეს, ვიდრე მათი საერთოდ არარსებობა. ყველა ვაღიარებთ, რომ ამის გაკეთება აუცილებელია: ამ უნივერსალური ორგანიზაციის [გაერო-ს] მუშაობის დღევანდელი დღის რეალობებთან მისადაგება. მთლიანობაში, ახლაც და მანამდეც, ჩვენ [პუტინსა და დონალდ ტრამპს] გვაქვს რაღაც საერთო მიდგომებში, რომლებიც ეხება ე.წ. ცივილიზაციურ ღირებულებებს. აქ არის რაღაც, რაც, თუ არ გვაერთიანებს, შეხედულებების გარკვეულ სიახლოვეზე მაინც მეტყველებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი გულწრფელად ცდილობს კონფლიქტების მოგვარებას და ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას, რაც მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია.
G20-ის სამიტზე აშშ-ში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პუტინმა მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, რადგან ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ხშირი გამგზავრება ყოველთვის კომფორტული არ არის.
ამასთან, პუტინის თქმით, რუსული დელეგაცია სამიტზე „მაღალ დონეზე“ იქნება წარმოდგენილი.
„ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად ესწრაფვის როგორც კონფლიქტების, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, ისე ორმხრივი ურთიერთობების დალაგებას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამერიკულ-რუსული მიმართულება. დავეყრდნობით იმას, რომ ასეთი განწყობა შენარჩუნდება. უნდა გამოვიდე, პირველ რიგში იქიდან, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან ხშირად საზღვარგარეთ წასვლა ყოველთვის კომფორტული არ არის, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მადლიერი ვარ ამ მოწვევისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.