ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს თანამდებობის პირების კორუფციული სახსრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს თანამდებობის პირების კორუფციული სახსრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანონის მიხედვით, თუ პირმა, მისმა მეუღლემ და არასრულწლოვანმა შვილებმა ბანკში მიიღეს თანხა, რომელიც აღემატება მათ მთლიან შემოსავალს საანგარიშო პერიოდისა და წინა ორი წლის განმავლობაში, მაშინ აღნიშნულ პირს მოსთხოვენ გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს ამ თანხების მიღების კანონიერებას.
თანხა გადაირიცხება სახელმწიფო შემოსავალში, თუ არ იქნება წარმოდგენილი სანდო ინფორმაცია მათი მიღების კანონიერების შესახებ.
კანონი ასევე ითვალისწინებს პროცედურებს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორებისთვის, რათა გადაამოწმონ თანამდებობის პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტე ბანკებში ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში ანგარიშებზე თანხების მიღების კანონიერების შესახებ.