ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს
ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ საერთაშორისო ურთიერთობების თემაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

სახელმწიფოს მეთაურები აღნიშნავენ, რომ ახალი სამხედრო და პოლიტიკური რეალობა ქმნის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპზე დაფუძნებული ევრაზიული უსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას და მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, წვლილი შეიტანონ ევრაზიაში უსაფრთხოების ასეთი არქიტექტურის მშენებლობაში საერთაშორისო და რეგიონული განვითარების პრობლემების გადასაჭრელად.

განცხადების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ურთიერთობების მრავალპოლარული სისტემის შემდგომ ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფოებს შორის კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე, ინტერესების ურთიერთპატივისცემაზე, საერთაშორისო პრობლემების კოლექტიურ გადაწყვეტაზე, კულტურულ და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებაზე, საერთაშორისო სამართლის უზენაესობაზე საერთაშორისო ურთიერთობებში, გაერო-ს ცენტრალურ როლზე მსოფლიო საქმეებში.

განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მეთაურები აღიარებენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CSTO) წამყვან როლს რეგიონული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

რუსეთი და ბელარუსი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას“ (SCO) განიხილავენ, როგორც ევრაზიაში თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირების საფუძველს. რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტები რჩებიან ერთგული ინტეგრაციული პროცესების ჰარმონიზაციის იდეისადმი, დიდი ევრაზიული პარტნიორობის ინიციატივის შესაბამისად.

განცხადების მიხედვით, მხარეები აპირებენ, გააგრძელონ თავიანთი პოზიციების კოორდინაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა (ნატო) და მისი წევრი ქვეყნების საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის გამოწვევების, საფრთხეების შექმნაზე, საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ-დიპლომატიური, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური ხასიათის კონტრზომების მიღებით.

„მხარეები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს ქვეყნების ყველაზე დესტაბილიზაციური მოქმედებები, რომლებიც იწვევს ყველაზე სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, პირველ რიგში, არის მტრული ნაბიჯების გადადგმა უკრაინის კრიზისის კონტექსტში, ევროპაში ამერიკული საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების განლაგების გეგმები, ანტისარაკეტო შესაძლებლობების გაფართოება, რომელიც აყალიბებს და აძლიერებს აშშ-ის გლობალური სარაკეტო თავდაცვის სისტემის ევროპულ სეგმენტს, საკავშირო სახელმწიფოს საზღვრებზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების განლაგება, შეხების რაიონებში სამხედრო აქტივობის გააქტიურება, ნატო-ს ერთობლივი ბირთვული მისიების სქემებისა და პოტენციალის შემუშავება ევროპაში განლაგებულ ამერიკულ ბირთვულ იარაღზე დაფუძნებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, „სახელმწიფოს მეთაურები გმობენ ევროკავშირის პოლიტიკის აგრესიულ და კონფრონტაციულ ხასიათს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ და ორივე სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევას“.