ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით სიმეტრიული ზომების მიღების განკარგულება გასცა
ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით სიმეტრიული ზომების მიღების განკარგულება გასცა

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის მიერ რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით სიმეტრიული ზომების მიღების განკარგულება გასცა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა რუსეთისთვის არსებული საფრთხის დონე უნდა გააანალიზონ. ამასთან ერთად, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გამოთიშვის რეალური მიზანი სულ სხვა იყო. კრემლის ლიდერის განმარტებით, ამ ხერხით ვაშინგტონმა საკუთარ თავს შეზღუდვები მოუხსნა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-თან თანასწორი და კონსტრუქციული დიალოგის წარმოებისთვის ძველებურად მზად არის, რაც ნდობის აღდენისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელია.

„თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე სხვა შესაბამის დაწესებულებებს საფრთხის გააანაზილების განკარგულებას ვაძლევ. საფრთხის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებებიდან გამომდინარე არსებობს. რის შემდეგაც მათ სიმეტრიული პასუხისთვის ყოვლისმომცველი ზომები უნდა მიიღონ. როგორც იცით, ჩვენ არასდროს გვდომებია, რომ გამალებულ შეიარაღებაში ჩავერთოთ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ანადგურებს. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ხარჯების მხრივ, რუსეთი საკმაოდ მოკრძალებულ ადგილს იკავებს შეერთებული შტატების, ჩინეთის, საუდის არაბეთის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის და საფრანგეთის შემდეგ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აშშ-მა 18 აგვისტოს საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი რაკეტა გამოსცადა. სახმელეთო ბაზირების რაკეტა კალიფორნიაში კუნძულ სან-ნიკოლასიდან გაუშვეს. რაკეტა 500 კილომეტრის დაშორებით განთავსებულ სამიზნეს მოხვდა. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გამოცდის შედეგად მოპოვებული მონაცემები გამოყენებული იქნება მომავალში საშუალო მანძილის ახალი რაკეტების შემუშავებისას.

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს აშშ-მა მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა, რის მიზეზადაც რუსეთის მიერ წლების განმავლობაში აღნიშნული შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა.