ვლადიმერ პუტინის რეზიდენციის შესასვლელში სადეზინფექციო გვირაბი მოაწყვეს
ვლადიმერ პუტინის რეზიდენციის შესასვლელში სადეზინფექციო გვირაბი მოაწყვეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო გვირაბი მოეწყო. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციის შესასვლელში ვიზიტორს აღნიშნული გვირაბის გავლა მოუწევს, რა დროსაც მისი ტანსაცმელი და სხეულის ღია ნაწილები სადეზინფექციო სითხით დაიფარება.

როგორც აპრილში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ყველას, ვისაც ვლადიმერ პუტინი ხვდება, „კოვიდ-19“-ზე ტესტი უტარდება. პესკოვის თქმით, პრეზიდენტს სრულად არ გაუუქმებია პირადი კონტაქტები, თუმცა მინიმუმამდე დაიყვანა მათი რაოდენობა და შეხვედრების დროს სოციალურ დისტანციას იცავს.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.