ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი არ ადასტურებს, რომ ჯონ ბოლტონის წიგნში მოხსენიებული სიტყვები რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვერ დაადასტურებს, მართლაც თქვა თუ არა პუტინმა ის სიტყვები, რომლებსაც ჯონ ბოლტონი საკუთარ წიგნში ახსენებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ გამოქვეყნებულ წიგნზე, „ოთახი, სადაც ეს მოხდა“, სადაც ბოლტონი თეთრ სახლში ტრამპთან მუშაობის წლებს აღწერს. წიგნში ნახსენებია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ჯონ ბოლტონის შეხვედრა. ბოლტონი წერს, რომ პუტინთან სირიაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში, ალ-ტანფის სამხედრო ბაზასთან მცხოვრები 5 000 მოსახლე სინამდვილეში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლია და პუტინმა ისინი უცენზურო გამონათქვამით მოიხსენია. შეხვედრაზე ნათქვამი ეს ფრაზა არ უთარგმნიათ.
„მე ვიცი, რომ პრეზიდენტი მჭევრმეტყველია და მნიშვნელოვან მოვლენებს ამოუწურავი ფორმულირებით აღწერს, ამის დადასტურება შემიძლია. თუმცა, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე ამას ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.