ვლადიმერ პუტინი - უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება არ განიხილება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა ბუენოს აირესში, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რუსეთის ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინელი მეზღვაურების გაცვლის საკითხი კიევს არ დაუყენებია.
„ახლა ამის დრო არ არის. ჯერ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ უკრაინელების ქმედებები პროვოკაცია იყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს რუსმა მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში მოძრავ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ ეკიპაჟის წევრები და ხომალდებიც დააკავეს. კიევი რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს. მოსკოვი კი ამტკიცებს, რომ პროვოკაცია უკრაინამ მოაწყო და უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
„უკრაინამ საომარი მდგომარეობა იმ 10 რეგიონში გამოაცხადა, სადაც ბატონ პოროშენკოს მხარს არ უჭერენ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობამ ქვეყანა და ხალხი ორ ნაწილად – მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. გუშინ კი რუსეთის ლიდერმა მოლაპარაკებები გერმანიის კანცლერთან გამართა. ანგელა მერკელთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქერჩის სრუტის კრიზისის დარეგულირებას „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში შეეცდებიან.