ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია მკაფიო, შეუქცევადი შეთანხმებების გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მეორე მხარე დათანხმდება რუსეთის ფედერაციისთვის შეუქცევად და მისაღებ ნაბიჯებს. შეუძლებელია ცეცხლის შეწყვეტა ამ შეთანხმების მიღწევის გარეშე“, – განაცხადა პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პუტინის თქმით, რუსეთი ვერ დათანხმდება უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას, რადგან არ არის დარწმუნებული კიევის პასუხში.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმებები კიევიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ უკრაინის მხრიდან არანაირი საპასუხო ნაბიჯები არ ყოფილა. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ მოსკოვი „მოტყუებული აღმოჩნდა: სტამბოლში მიღწეული ყველა შეთანხმება სანაგვეში გადააგდეს და ეს არაერთხელ მოხდა“.
„ამიტომ ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, ახლავე გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტა იმ იმედით, რომ მეორე მხარე გადადგამს პოზიტიურ ნაბიჯებს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ მტერმა ისარგებლოს ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხელახლა შეიარაღდნენ, შეავსონ ჯარი იძულებითი მობილიზაციის გზით და მოემზადონ შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.