ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ბაიდენს არაერთხელ ვუთხარი, რომ იმ ყველაფრის მხარდაჭერით, რაც უკრაინაში ხდება, უშვებს უზარმაზარ შეცდომას და უბიძგებს რუსეთს
ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ბაიდენს არაერთხელ ვუთხარი, რომ იმ ყველაფრის მხარდაჭერით, რაც უკრაინაში ხდება, უშვებს უზარმაზარ შეცდომას და უბიძგებს რუსეთს

ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარსლონსთან ინტერვიუსას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ბოლოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ესაუბრა.

„როცა ველაპარაკე, რა თქმა უნდა, ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე იყო და სხვათა შორის, მაშინ ვუთხარი: მე მჯერა, რომ თქვენ უშვებთ ისტორიული მასშტაბის, უზარმაზარ შეცდომას, იმ ყველაფრის მხარდაჭერით, რაც ხდება უკრაინაში, თქვენ უბიძგებთ რუსეთს. მე მას ამის შესახებ ვუთხარი, სხვათა შორის, არაერთხელ“, – აღნიშნა პუტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა პასუხი გასცა ჯო ბაიდენმა, პუტინმა ურჩია, რომ ეს კითხვა აშშ-ის პრეზიდენტისთვის დაესვა, რადგან პუტინისთვის არაკორექტულია მათ დიალოგზე კომენტარის გაკეთება.

კარსლონის კითხვაზე, უსაუბრია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტთან 2022 წლის თებერვლის შემდეგ, პუტინმა უპასუხა: „ჩვენ არ გვისაუბრია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული კონტაქტები. სხვათა შორის, გახსოვთ, როცა გითხარით ჩემი წინადადების შესახებ, რომ ერთად ვიმუშაოთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე? შეგიძლიათ, ყველას ჰკითხოთ – მადლობა ღმერთს, ისინი ყველა ცოცხლები არიან. ყოფილი პრეზიდენტიც და კონდოლიზა რაისიც ცოცხლები არიან, მისტერ გეითსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ამჟამინდელი დირექტორიც, მისტერ ბერნსი – ის მაშინ იყო ელჩი რუსეთში, ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული ელჩი. ისინი ყველანი არიან ამ საუბრების მოწმეები. ჰკითხეთ მათ. თუ გაინტერესებთ რა მიპასუხა ბატონმა ბაიდენმა, ჰკითხეთ მას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად ვისაუბრეთ ამ თემაზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ურეკავს პუტინი ბაიდენს და არ ეუბნება, რომ როგორმე ერთად მოაგვარონ ეს საკითხი, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამერიკას თუ სურს საომარი მოქმედებების შეწყვეტა, მაშინ უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება.

„რა უნდა გადავწყვიტოთ? ყველაფერი ძალიან მარტივია. ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს კონტაქტები სხვადასხვა დეპარტამენტით. გეტყვით, რას ვამბობთ ამაზე და რას ვეუბნებით აშშ-ის ხელმძღვანელობას: თუ ნამდვილად გსურთ საომარი მოქმედებების შეწყვეტა, უნდა შეწყვიტოთ იარაღის მიწოდება. ყველაფერი დასრულდება რამდენიმე კვირაში, სულ ეს არის. და შემდეგ შეგიძლიათ, შევთანხმდეთ სხვადასხვა პირობაზე, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებთ, შეაჩერეთ. რა არის ამაზე უფრო ადვილი? რატომ უნდა დავურეკო მას? რაზე ვისაუბროთ ან რა ვითხოვოთ? „აპირებთ თუ არა უკრაინისთვის ამა თუ იმ იარაღის მიწოდებას? ოჰ, მეშინია, მეშინია, გთხოვთ, არ მიაწოდოთ, რაზეა საუბარი?“ – განაცხადა პუტინმა.