ვლადიმერ პუტინი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმები წლის ბოლომდე შეიქმნება
ვლადიმერ პუტინი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმები წლის ბოლომდე შეიქმნება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმები წლის ბოლომდე შეიქმნება, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ორმხრივ ფორმატში გააგრძელა. მანამდე მან მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ მხარეები სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებზე შესაძლებელი გახდა ჰუმანიტარულ საკითხებზე წინ წაწევა. ვლადიმერ პუტინმა სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციულად შეაფასა. მისი თქმით, ჩატარდა არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზი. რუსეთის ლიდერის ცნობით, შემდეგ კვირაში მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები შეიკრიბებიან.

პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია მხარეების მოთხოვნით, რუსეთის ხელშეწყობით განხორციელდება.