ვლადიმერ პუტინი – რუსეთი ყოველთვის აფრიკელი ხალხების გვერდით იდგა და მათ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა
რუსეთი ყოველთვის აფრიკელი ხალხების გვერდით იდგა და მათ კოლონიური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტზე განაცხადა, რომელსაც აფრიკის კონტინენტის 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრება.
პუტინის მტკიცებით, რუსეთმა ყოვლისმომცველი და უანგარო მხარდაჭერა გაუწია აფრიკის სახელმწიფოებს თავისუფლების, ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, სუვერენული განვითარებისა და საკუთარი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური მოდელების არჩევის უფლებისთვის ბრძოლაში.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთი მხარს უჭერდა და კვლავაც მხარს უჭერს აფრიკული სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვას, მდგრადი ზრდის მიღწევას, ასევე მათი ეკონომიკებისა და სოციალური სფეროების გაძლიერებას. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა ყველა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და აფრიკას ერთმანეთთან მეგობრობისა და მჭიდრო პარტნიორობის მართლაც მტკიცე კავშირები აერთიანებს.
„ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ მრავალპოლარული, ჭეშმარიტად დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობაში — მსოფლიო წესრიგისა, რომელიც თავისუფალია კარნახისა და ორმაგი სტანდარტებისგან და ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაერო-ს წესდების ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.