ვლადიმერ პუტინი - რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა მოსკოვის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის შესაძლო გასვლის საკითხი განიხილა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ვაშინგტონის ასეთი ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან უპასუხოდ ვეღარ დარჩება.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზადაა, ამერიკულ მხარესთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგი აწარმოოს. ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ამ შეთანხმებას „სრული პასუხისმგებლობით მიუდგება“.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც აშშ ანტისარაკეტო თავდაცვის შეთანხმებიდან გავიდა, რუსეთმა ღიად და გულწრფელად განაცხადა, რომ იძულებული იქნება, საპასუხო ზომები მიიღოს.
„ასეც გაკეთდა“, – განაცხადა პუტინმა, მისივე თქმით, ახლა რუსეთს აქვს ზებგერითი იარაღი, რომელსაც შეუძლია, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ნებისმიერი სისტემა დაძლიოს.
შეგახსენებთ, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავა, რადგან რუსეთი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.