ვლადიმერ პუტინი პოლონეთის საზღვართან დაძაბულობას შეგნებულად ზრდის
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სიტყვით გამოდის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე. 2026 წლის 25 ივნისი

უკრაინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთის თავდასხმები გახშირდა. პოლონეთის საზღვართან უკრაინულ სამგზავრო მატარებელზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, კიევმა დასავლელი მოკავშირეები გააფრთხილა: „პუტინი ნატოს კარზე აკაკუნებს“. დაძაბულობის ესკალაცია მოსკოვის მხრიდან კარგად გათვლილი სტრატეგიაა.
გასულ კვირას, კიევიდან მიმავალ სამგზავრო მატარებელზე რუსული დრონის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს უკვე გაკეთებული ჰქონდა მკვეთრი განცხადება. მისი თქმით, რუსეთმა „სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პროაქტიური იერიშების მიტანა გადაწყვიტა“.
ამ შემთხვევაში, ტუსკი გულისხმობდა უკრაინა-მოლდოვის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ოთხშაბათს რუსულ დრონით განხორციელებულ იერიშს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ „ანალოგიურ ინციდენტებს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის პოლონეთშიც ელოდება“.
თავდასხმა ვარშავისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელზე
სწორედ ეს მოხდა ამ კვირა დღეს, 13 სექტემბერს: ნატოს წევრი პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით კილომეტრ-ნახევარში, რუსული დრონი კიევიდან ვარშავისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს შეეჯახა. ვინაიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მგზავრები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე, მათ უსაფრთხო ადგილზე გადასვლა მოასწრეს. საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია სპეციალური მატარებლის მგზავრთა ვინაობის გაჟონვამ, რომლებმაც პოლონეთის საზღვარი უშუალოდ თავდასხმის ქვეშ მოყოლილ მატარებელზე ადრე გადაკვეთეს.
მგზავრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი, აგრეთვე ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი უსაფრთხოების ექსპერტები, მათ შორის -გერმანიის ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, გიუნტერ ზაუტერი, რომლებიც კიევში გამართული უსაფრთხოების კონფერენციიდან საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ. კვირა დილით, გამთენიისას, სხვა სამგზავრო მატარებლით საზღვრის გადაკვეთას და პოლონეთში გადასვლას CIA-ის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსიც აპირებდა. იგი, სხვა მგზავრებთან ერთად, ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიაზე, სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მატარებლიდან გაიყვანეს და დრონის თავდასხმას ძალიან ახლო მანძილიდან შეესწრო: „ვინც ცეცხლის ქვეშ პირველად მოხვდა, ეს ნამდვილი საშინელება იყო“. მისი თქმით, რეაქტიული ძრავით აღჭურვილი რუსული დრონი მას შემდეგ აფეთქდა, რაც მისი მატარებლის გვერდით მდგომი სხვა მატარებლის ლოკომოტივს შეეჯახა.
„ზელენსკიმ რუსეთში დიზელის მარაგების განადგურება უნდა შეაჩეროს“
ამ მიზანმიმართულ პროვოკაციას აშშ-ის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შეერთებული შტატების პრეზიდენტს დიდი ხანია ჩვევად აქვს, დუმილით შეხვდეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, საცხოვრებელი კორპუსების, რკინიგზისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ განუწყვეტელ საჰაერო დარტყმებს, რისთვისაც რუსეთი ფრთოსან რაკეტებს, დრონებს, მართვად საავიაციო ბომბებს და ზებგერით რაკეტებს იყენებს. ასე მოხდა ბოლო ინციდენტის შემთხვევაშიც: მაშინ, როდესაც ევროპის მთავრობებმა ერთხმად დაგმეს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე სარკინიგზო სადგურზე დრონით განხორციელებული თავდასხმა, როგორც კრემლის მხრიდან დაძაბულობის კიდევ ერთი ესკალაცია, თეთრ სახლს მოსკოვის მისამართით კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია. არადა, შესაძლებელი იყო, ამ თავდასხმის დროს წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსები და უსაფრთხოების ექსპერტებიც დაზარალებულიყვნენ.
„ამასთან, ბატონმა ტრამპმა გამონახა დრო, რათა უკრაინის პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეცნობებინა, რომ რუსეთში განლაგებულ ენერგომომარაგების საცავებზე უკრაინამ თავდასხმები არ განახორციელოს“, – წერს კონსერვატიული გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ თავის სარედაქციო სტატიაში. უქმეებზე, ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტის დროს, აშშ-ში ბენზინისა და დიზელის მაღალ ფასებზე პასუხისმგებლობა ტრამპმა ზელენსკის დააკისრა და მოითხოვა: „ბატონმა ზელენსკიმ რუსეთში დიზელის მარაგების განადგურება უნდა შეაჩეროს“. მისივე თქმით, უკრაინამ სამიზნეებზე თავდასხმა უნდა გააგრძელოს, „მაგრამ არა დიზელის მარაგებზე, რადგან ეს დიზელის დეფიციტს იწვევს“. ტრამპის მტკიცებით, დიზელის მაღალი ფასი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ბრალი კი არ არის, არამედ „რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შედეგია“.
რუტე „რუსეთის პრეზიდენტის სასოწარკვეთას“ ხედავს
პოლონურ შეფასებას, რომ რუსეთი ევროპელ მეზობლებთან უკრაინის საზღვრებზე იერიშებს გააძლიერებს, ევროკავშირისა და ნატოს სხვა ევროპელი პარტნიორებიც იზიარებენ. „სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, მათ შორის CIA-ის გასული კვირის ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმები განახორციელოს და ევროპის ქვეყნებში დივერსიული მოქმედებები გააძლიეროს“, – იუწყება „ასოშიეითიდ პრესი“,
პოლონეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.
ამ თავდასხმების განხორციელებისას, რუსეთის მიზანი უკრაინის პარტნიორი ქვეყნების შეკავებაა, რათა მათ კიევის მხარდაჭერა შეწყვიტონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ასეთი ქმედებით, მოსკოვი საპირისპირო შედეგს მიიღებს: „მას (პუტინს) ჰგონია, რომ შეძლებს ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში და ჩვენს ერთიანობას შეარყევს. მაგრამ პუტინი ცდება. ნატოს ტერიტორიის სიახლოვეს დრონებით განხორციელებული იერიშები უფრო მეტად რუსეთის პრეზიდენტის სასოწარკვეთას და შიშისა და ტერორის დათესვის სურვილს ადასტურებს“, – განაცხადა რუტემ ნატოს შტაბ-ბინაში.
სტატიის ავტორი: კლემენს ვერენკოტი, ბავარიის რადიო (BR24 -Bayerischer Rundfunk)
ფოტოს ავტორი: ვოიტეკ რადვანსკი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი, 2026 წელი, 20:03 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)