ვლადიმერ პუტინი - ნავალნის მაშინ იყენებენ, როდესაც ხალხში უკმაყოფილება იზრდება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მაშინ იყენებენ, როდესაც ყველა ქვეყანაში და მათ შორის, რუსეთშიც ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომლის ვიდეოჩანაწერიც კრემლმა გაავრცელა.
„ამ ფიგურანტს იყენებენ მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანაში და მათ შორის, რუსეთშიც ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. წარმოიქმნება უკმაყოფილება იმ პირობების მიმართ, რომელშიც ხალხი ცხოვრობს. უკმაყოფილება შემოსავლებით. რა თქმა უნდა, ამით ცდილობენ სარგებლობას ევროპაშიც, აშშ-შიც ამით სარგებლობენ დაპირისპირებული ძალები. ამით ისარგებლეს ჩვენთანაც. ასეთი გახლდათ გათვლა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, რუსეთის მეტოქეები ყოველთვის ცდილობენ, დაეყრდნონ ამბიციურ ადამიანებს, რომლებსაც ძალაუფლება სწყურიათ.
„ამ ადამიანებს ჩვენი მეტოქეების საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. ამაში ახალი არაფერია. ამბიცია ბევრია, ენერგია ბევრია, მეტი ფულის გამომუშავებისა და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი დიდია. ამ ყველაფერს იყენებენ. ამ ხალხს სხვადასხვა მიმართულებებით იყენებენ, მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცე. ბოლო წლებში ამ სივრცეში ჩვენი გავლენა იზრდება და ეს შეშფოთებას იწვევს. ამიტომ შეეცდებიან რუსეთის უკან დახევას და ამაში გამოიყენებენ ამ ხალხს“, – განაცხადა პუტინმა.
ნავალნის გარდა, პუტინმა ისაუბრა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე და თქვა, რომ „რუსეთი დონბასს არ მიატოვებს“.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დაბრუნდა რუსეთში. ამჟამად ის პატიმრობაშია. ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას ქიმიური იარაღით მოწამვლაში ადანაშაულებს.