ვლადიმერ პუტინი - მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს საბოლოოდ მოუწევთ თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე
ვლადიმერ პუტინი - მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსა და დასავლეთს საბოლოოდ მოუწევთ თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე

დარწმუნებული ვარ, რომ მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებს და დასავლეთს საბოლოოდ მოუწევთ თანაბარი პირობებით საუბარი ჩვენს საერთო მომავალზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, მსოფლიო ბატონობა არის ის, რაზეც „ე.წ. დასავლეთი ფსონს დებს თავის თამაშში, მაგრამ ეს თამაში საშიში, სისხლიანი და ბინძურია“.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არასდროს განიხილავდა და არც ახლა მიიჩნევს თავს დასავლეთის მტრად, რადგან ამერიკანოფობია და ფრანკოფობია რასიზმის იგივე ფორმაა, რაც რუსოფობია და ანტისემიტიზმი.

პუტინის განცხადებით, ტრადიციული ღირებულებების დასავლეთი რუსეთთან ახლოსაა, მაგრამ რუსეთი არასოდეს შეეგუება „აგრესიული და ნეოკოლონიალური დასავლეთის“ კარნახს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა შეიძლება, გახდეს დიდი ევრაზიის ნაწილი, მაგრამ მის ბევრ ლიდერს აბრკოლებს რწმენა, რომ ევროპელები სხვებზე უკეთესები არიან.

რუსეთის პრეზიდენტი გაერო-ს რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ გაერო-სა და მისი უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურა უნდა ასახავდეს გლობალურ მრავალფეროვნებას.

„ზოგიერთი დასავლური ქვეყანა არა მხოლოდ მხარს უჭერდა ტერორიზმს რუსეთში, არამედ ზრდიდა ამ საფრთხეს. ყოველთვის მემახსოვრება, რასთან მოგვიწია შეჯახება 2000 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: რა ფასი გადაიხადა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ბუდის დანგრევისთვის, რომელსაც მაშინ დასავლეთი პრაქტიკულად ღიად უჭერდა მხარს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდა პრაქტიკაში. ფინანსური, პოლიტიკური, საინფორმაციო მხარდაჭერა. დასავლეთის მიზანია, რუსეთი გადააქციოს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტად. არსებობს ორი დასავლეთი, პირველი არის ტრადიციული, ქრისტიანული და ისლამური ღირებულებების დასავლეთი, თავისუფლება, პატრიოტიზმი და უმდიდრესი კულტურა, რომელიც რუსეთთან ახლოსაა. მაგრამ არის კიდევ ერთი დასავლეთი – აგრესიული, კოსმოპოლიტური, ნეოკოლონიალური, რომელიც მოქმედებს როგორც ნეოლიბერალური ელიტების იარაღი. სწორედ დასავლეთის ამ დიქტატს რუსეთი არასდროს შეეგუება. რუსეთი არ ეწინააღმდეგება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავისუფლად არსებობისა და განვითარების უფლებას. ამავდროულად, ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ, გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი, რუსეთი არ გთავაზობთ ერთპოლუსიანობის შეცვლას ორპოლუსიანობით, სამპოლუსიანობით და ა.შ.“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.