ვლადიმერ პუტინი - ერდოღანთან გავივლი ევროპული მიმართულებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის საკითხს, რადგან მარცვლეული იგზავნება არა უღარიბეს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში
ვლადიმერ პუტინი - ერდოღანთან გავივლი ევროპული მიმართულებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის საკითხს, რადგან მარცვლეული იგზავნება არა უღარიბეს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინული მარცვლეულის ევროკავშირში გატანის შეზღუდვის შესაძლებლობა დაუშვა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივასტოკში მიმდინარე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტთან აპირებს განიხილოს უკრაინიდან ევროპაში მარცვლეულისა და საკვების ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობა, რადგან პროდუქტი არ იგზავნება ყველაზე ღარიბ ქვეყნებში, რომლებსაც ის სჭირდებათ.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის გატანა მომხდარიყო. ეს გავაკეთეთ თურქეთთან ერთად. თურქეთს თუ გამოვრიცხავთ, როგორც შუამავალ ქვეყანას, მაშინ უკრაინიდან ექსპორტირებული თითქმის მთელი მარცვლეული იგზავნება არა განვითარებად უღარიბეს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოთხმოცდაშვიდიდან მხოლოდ ორი გემი იყო დატვირთული გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში.

„მინდა, ვთქვა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორც ბოლო ათწლეულებში და საუკუნეებში მოქმედებდნენ, როგორც კოლონიზატორები, ასევე აგრძელებენ დღესაც. კიდევ ერთხელ მოატყუეს განვითარებადი ქვეყნები და აგრძელებენ მათ მოტყუებას. ცხადია, ამ მიდგომით მსოფლიოში სურსათის პრობლემების მასშტაბები მხოლოდ გაიზრდება, სამწუხაროდ, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა. იქნებ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ შევზღუდოთ მარცვლეულისა და საკვების ექსპორტის მიმართულება ამ მარშრუტზე? აუცილებლად გავივლი ამ საკითხს თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან“, – განაცხადა პუტინმა.