ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ქვეყნებს შორის „მეგობრობის ხელშეკრულების“ გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ქვეყნებს შორის „მეგობრობის ხელშეკრულების“ გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

რუსეთსა და ჩინეთს შორის 2001 წლის 16 ივლისს გაფორმებული ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულება გახანგრძლივდება.

აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერიდან ორი ათწლეულის აღსანიშნავად, 28 ივნისს, კრემლმა, ოფიციალური მოსკოვისა და პეკინის ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. ამავდროულად საკითხთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოფორმატში საუბარი გამართეს.

„გეოპოლიტიკური მღელვარების ზრდის, შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების მოშლისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების პოტენციალის ზრდის კონტექსტში რუსულ-ჩინურ კოორდინაციას სტაბილური როლი აქვს მსოფლიოს საკითხებში“, – აღნიშნა პუტინმა სი ძინპინთან საუბრისას.

საპასუხოდ ჩინელი ლიდერის განცხადებით, ოფიციალურმა პეკინმა და მოსკოვმა საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირების ახალი ტიპის მაგალითი წარმოადგინეს.

რუსეთსა და ჩინეთს შორის ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულება დასავლური სამყაროს საპასუხოდ გაფორმდა.

ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა და პეკინმა სამხედრო, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა გააღრმავეს. ამავდროულად, ისინი დიპლომატიურ მხარდაჭერას უცხადებენ ერთმანეთს მთელ რიგ საკითხებში.