მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება რუსეთმა შესაძლოა, გაასაჩივროს
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება რუსეთმა შესაძლოა, გაასაჩივროს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილების გასაჩივრება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია. ამის შესახებ მან პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს არ აქვს პრეტენზიები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაწილში სააგენტოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას, ამიტომ რუსმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადებში.

„ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, მივმართოთ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS), მივმართოთ სასამართლოს. ნებისმიერი სასჯელი, ეს ასეა რომის სამართლის დროიდან, უნდა იყოს ინდივიდუალური და გამომდინარეობდეს იქიდან, რაც ჩადენილია ამა თუ იმ პირის მიერ. სასჯელი ვერ იქნება კოლექტიური ხასიათის და ვერ გავრცელდება ადამიანებზე, რომლებსაც განსაზღვრულ დარღვევებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყველას ესმის ეს. ვფიქრობ, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალისტებსაც ესმით ეს. თუ ვინმე იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს კოლექტიური სასჯელების შესახებ, მაშინ, მე მგონია, რომ არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ამგვარ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს არა მსოფლიო სპორტის სისუფთავეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური ხასიათის მოსაზრებები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ინტერესებთან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 9 დეკემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლის ვადით აუკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება.