ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთისთვის აშშ-ში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა უფრო კარგი იქნება, ვიდრე დონალდ ტრამპის. ამის შესახებ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ის უფრო გამოცდილი ადამიანია, პროგნოზირებადია და ძველი ყაიდის პოლიტიკოსია“, – ასე უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შეახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან იმუშავებს, რომელიც ამერიკელი ხალხის ნდობას მოიპოვებს. როგორც პუტინმა აღნიშნა, იმისთვის, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ქმედებები გააკრიტიკოს, მის პოლიტიკურ პოზიციას უნდა გადახედოს.
„მე მჯერა, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად დამაზიანებელი და მცდარია“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა თავის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან.
„მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ის იქნებოდა აგრესიული და მწვავე კითხვებს დასვამდა. მე არამხოლოდ მზად ვიყავი ამისთვის, მე მინდოდა ეს, რადგან მომცემდა შესაძლებლობას, მწვავე პასუხები დამებრუნებინა“, – აღნიშნა პუტინმა.