ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას და ისტორიული სიმართლის გაყალბებას ცდილობენ
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას და ისტორიული სიმართლის გაყალბებას ცდილობენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან განიხილოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. ამასთან, პუტინმა დასავლეთი მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვასა და ისტორიის ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა.

პუტინმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფასებს, „ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის გულწრფელ სურვილს, სრულფასოვნად განავითაროს ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან“. პუტინის თქმით, პეკინში ჩინეთის ლიდერთან მომავალ შეხვედრაზე გეგმავს, განიხილოს ახალი ნაბიჯები ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ანგარიშსწორება, „ფაქტობრივად, მთლიანად ეროვნულ ვალუტებში ხდება“.

პუტინმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელია და ქვეყნები აგრძელებენ მუშაობას ერთმანეთისთვის სავაჭრო ბარიერების შემცირებაზე.

პუტინმა ასევე საერთაშორისო პოლიტიკაზე ისაუბრა და და აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს ერათნაირი შეხედულება აქვთ გლობალური უსაფრთხოების პრინციპულ საკითხებზე. მისი თქმით, მოსკოვისა და პეკინის თანამშრომლობა გაერო-ს პლატფორმაზე უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა და შეესაბამება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებას. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თითქოსდა დასავლეთის რიგი ქვეყნები, „ფაქტობრივად, ახორციელებენ მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას“ და „ისტორიული სიმართლის გაყალბება“ ხდება, ხოლო რუსეთი და ჩინეთი „მტკიცედ გმობენ მცდელობებს, დამახინჯდეს მეორე მსოფლიო ომის ისტორია“.