ვლადიმერ პაპავა - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული პრობლემა არის, რომ ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა
ვლადიმერ პაპავა - საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული პრობლემა არის, რომ ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა

დღეს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სერიოზული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ვლადიმერ პაპავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ლარის კურსი და აქედან გამომდინარე ზოგადად ეკონომიკის პრობლემები განიხილეს. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

პაპავას განმარტებით, ლარის საკითხის ეკონომიკის კონტექსტის გარეშე განხილვა არ შეიძლება, რადგან ის ეკონომიკის ნაწილია და ეკონომიკის მდგომარეობას ხდება.

„როცა ლარზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ის ეკონომიკის კონტექსტიდან იყოს ამოვარდნილი, რადგან ლარი პრაქტიკულად ეკონომიკის ნაწილია. უფრო მეტიც, ის ასახავს, რა მდგომარეობაში არის ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს შორის უპირველესია ფაქტორი, რომ ქვეყანა მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს, რაც ლარზეც აისახება.

„სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკას ბევრი უარყოფითი სიმპტომი ახასიათებს: ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვა უკიდურესად უარყოფითია და იმპორტი დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატება ექსპორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა ყოველ გენერირებულ ერთ დოლარზე 2.7 დოლარს კარგავს იმპორტზე გასაწევი ხარჯების თვალსაზრისით. ანუ ეკონომიკა ექსპორტზე ორიენტირებული არ არის და ძირითადად, იმპორტს ეფუძნება. თუ ავიღებთ სამომხმარებლო კალათას, აქ სურათი კიდევ უფრო მძიმეა, მისი 80 პროცენტი არის იმპორტული საქონელი. თუ ავიღებთ სასურსათო კალათას, აქაც იგივე სურათი გვაქვს – მხოლოდ 20 პროცენტია ადგილობრივი წარმოება, 80 პროცენტი კვლავ იმპორტია. ანუ რა გამოვიდა? ჩვენ ვართ მომხმარებლები და მოვიხმართ იმას, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია. ანუ ჩამოვყალიბდით, როგორც მომხმარებელი ქვეყანა და ერი, მოვიხმართ იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენ შეგვიქმნია“, – განმარტა ვლადიმერ პაპავამ.

მისი მოსაზრებით, საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას ქვეყნიდან გასული ეკონომიკური მიგრანტები აფინანსებენ სამშობლოში გადმორიცხული ფულადი ტრანსფერების მეშვეობით.

„იბადება კითხვა, საიდან მოვიხმართ? ამაზე პასუხი რთული საპოვნელი არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნის გარეთ არის გასული, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ და იმ ქვეყნის ეკონომიკას ავითარებენ, იქ მიღებული შემოსავლების ნაწილს კი, საქართველოში ახლობლებს ურიცხავენ და ეს ადამიანები ამის საშუალებით მოიხმარენ პროდუქციას, რაც ამ ქვეყანაში არ შექმნილა. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს – ის ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი და თანაც, ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა. ეს პრობლემა ბუნებრივია, ლარზე აისახება“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

დატოვე კომენტარი