ვლადიმერ მამუჩაშვილი - გვინდა, რომ ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილე ჩემპიონობით დავაგვირგვინოთ #1TVSPORT
ვლადიმერ მამუჩაშვილი - გვინდა, რომ ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილე ჩემპიონობით დავაგვირგვინოთ #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ 100 წლის გახდა. 1923 წელს დაარსებულმა კლუბმა ქართულ ფეხბურთში გამორჩეული ისტორია დაწერა. კლუბი საიუბილეო თარიღის აღნიშვნას და სეზონის წარმატებით ჩატარებას გეგმავს.

ბათუმის „დინამოს“ამბიციურ გეგმებში ახალი პარტნიორიც შეიტანს წვლილს – კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ახალ გენერალურ სპონსორთან, რომელიც, ამავდროულად, „ნაპოლის“ პარტნიორია – ამ ნაბიჯით საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.

ბათუმელები 2021 წელს მოპოვებული ტიტულებით (ეროვნული ლიგის ჩემპიონი, სუპერთასის გამარჯვებული) დაკმაყოფილებას არ აპირებენ და წლევანდელ სეზონში ახალი ისტორიის ტიტულებით გამრავალფეროვნებას გეგმავენ. ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა ისაუბრეს.

გია გეგუჩაძე, ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ დიდი ისტორია აქვს. დარწმუნებული ვარ, 2023 წელი ჩვენი კლუბისთვის გაცილებით უკეთესი იქნება“.

ვლადიმერ მამუჩაშვილი, ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი:

„პასუხისმგებლობაა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფორმას ვატარებ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველა ფეხბურთელმა გაითავისა და ხვდება, 2023 წელი როგორი მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილე ჩემპიონობით დავაგვირგვინოთ“.

გრიგოლ ჩაბრაძე, ბათუმის „დინამოს“ მცველი:

„ბათუმში ფეხბურთისა და გუნდის მიმართ სიყვარულს თითოეული ჩვენგანი ვარჯიშზეც და თამაშზეც გრძნობს, ვიცით, რატომ ვართ ამ კლუბში და ვისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალისტები ვართ და ახალ სეზონში ყველა ტურნირზე წარმატებით თამაშს ვგეგმავთ“.