ვლადიმერ კონსტანტინიდმა აშშ-ში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ვლადიმერ კონსტანტინიდმა აშშ-ში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში საზოგადოების, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მადლობა გადაუხადა მათ ამ რთულ პერიოდში ჩვენი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარების საქმეში შეტანილ წვლილზე.

შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. ამასთანავე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საგარეო საქმეთა სამინისტროს „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ პანდემიის რთულ პერიოდში, აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და დროული.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას. მან აღნიშნა, რომ იგეგმება უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებს უზრუნველყოფა საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ინსტრუმენტებით.

დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ, ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, დიანა ჟღენტმა, ქალაქ სან-ფრანციკსოში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან ბერიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან​.