ვლადიმერ კონსტანტინიდი საპრეზიდენტო არჩევნებში საზღვარგარეთ ხმის მიცემის დროს შექმნილ პრობლემებს განმარტავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოეთში გახსნილ უბნებზე შექმნილი პრობლემების მიზეზებს განმარტავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა, ნაწილმა კი საკონსულო დეპარტამენტს დაგვიანებით მიმართა. ამის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ შეძლეს.
„მოქალაქეების ნაწილი, ვისაც საარჩევნო უბანზე პრობლემები შეექმნა, საკონსულო აღრიცხვაზე არ დამდგარან. არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე პასპორტით და პირადობის მოწმობით პირდაპირ მივიდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მოითხოვეს. რიგი მათგანი საკონსულო აღრიცხვაზე დაგვიანებით, 7 ოქტომბრის შემდეგ დადგა. კანონმდებლობით, მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არჩევნებამდე 21 დღით ადრე უნდა დადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები სიაში ვერ მოხვდებიან“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე განმარტებით, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე კიდევ ერთი პრობლემა ამომრჩევლის არასწორ მისამართზე გამოცხადებამ შექმნა.
„ზოგი მათგანი საკონსულო აღრიცხვაზე სხვა ქვეყანაში ან სხვა ოლქში იმყოფებოდა. მაგალითად, შემთხვევა იყო, როდესაც მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე ბერლინში იმყოფებოდა და საარჩევნო უბანს ესპანეთში მიაკითხა. მას ეგონა, რომ ერთ კონკრეტულ საკონსულო ოლქში მისი რეგისტრაცია ავტომატურად უფლებას მისცემდა კენჭისყრაში მონაწილეობა არჩევნების დღეს სხვა ოლქში მიეღო, რაც არასწორია“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
საკონსულო დეპარტამენტის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოს მასშტაბით საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 57 ათასამდე მოქალაქე იმყოფება. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფნა საქართველოს 4 ათას 800-მდე მოქალაქემ მიიღო.
არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საჭიროა, პირი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იყოს საცხოვრებელ მისამართზე.