ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია

2008 წლის შემდეგ რუსეთს მოსყიდვის, შანტაჟისა და დაპირებების არც ერთი მცდელობა არ დაუშურებია, რომ სხვადასხვა ქვეყანაზე აღიარების სანაცვლოდ ზეწოლა მოეხდინა, თუმცა 11 წლის თავზე შედეგი არაპროპორციულად დაბალია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდი აცხადებს, საქართველო ძალისხმევას აგრძელებს, რომ დარჩენილმა ქვეყნებმაც უკან წაიღონ ოკუპირებული ტერიტორიების არალეგიტიმური აღიარება.

„ამ მხრივ კი ქვეყნის მთავარი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაა, რომლის ნათელი მაგალითიც იყო არაერთი ქვეყნის გამოხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გერმანიის საგარეო უწყების განცხადებასაც გამოეხმაურა.

„გერმანულმა მხარემ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა ე.წ. არჩევნების ჩატარებით, გაემიჯნა ამ პროცესს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ გერმანია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი პარტნიორი საქართველოსი, მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.