ვლადიმერ კონსტანტინიდი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია
ვლადიმერ კონსტანტინიდი - იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნატო-სა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მისი თქმით, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხვალ მესამედ ეწვევა.

„ნატო-ს მაღალი დონის ვიზიტები და მათი ინტენსივობა ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ ეს არის იენს სტოლტენბერგის მესამე ვიზიტი საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებულად დინამიური და შინაარსობრივად დატვირთულია. პირველ რიგში, ამას მოწმობს გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები, როგორც საქართველოში, ასევე ნატო-ს შტაბბინაში. ჩვენი ქვეყანა ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი პარტნიორია, რაც დასტურდება მისი გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსით. ეს ვიზიტი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

ასევე, მისი შეფასებით, საქართველოს ნატო-სთან საერთო ინტერესები და ფასეულობები აკავშირებს.

„ამასთან, ნატო-საქართველოს რიგით მეორე სწავლება პირველად ტარდება „წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის“ მიერ, რაც ნატო-ს მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი ნდობის მაღალი გამოვლინებაა. აღნიშნული სწავლება ემსახურება ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ხვალ ეწვევა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს 25 მარტს გამართავს. იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე, ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს” ეწვევა, სადაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ მიმდინარეობს.