ვლადიმერ კონსტანტინიდი - ბათუმის კონფერენცია თავისი მასშტაბით და შინაარსით უპრეცედენტოა
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ბათუმის კონფერენცია თავისი მასშტაბით და შინაარსით უპრეცედენტოა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავს ეძღვნება, გახლავთ უპრეცედენტო, როგორც თავისი მასშტაბით ასევე შინაარსით, მონაწილეთა წარმომადგენლობითი დონით, რაოდენობით, დღის წესრიგით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კონფერენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის პირების მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნები წარმოდგენილი იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრებით, სახელმწიფო მინისტრებით და ვიცესპიკერებით.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს ვრცლად გააცნო კონფერენციის დღის წესრიგი. როგორც მან აღნიშნა, ღონისძიების ფარგლებში შეჯამდება საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიერ განვლილი გზა, თანამშრომლობის შედეგები და დაისახება სამომავლო გეგმები.

სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის სამართალდამცავ და კრიზისების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ასევე გაფორმდება ორი ფინანსური დოკუმენტი, რომელთა საერთო მოცულობა ითვალისწინებს 47 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას. მისი განცხადებით, ისევე როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობას”, ასევე კონფერენციას რამდენიმე განზომილება აქვს – პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად, პირველად გაიმართება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.