ვლადიმერ კონსტანტინიდი ​- სცენარი ახალი არ არის, რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმები მუდამ მიმართავენ დემარშს, როგორც კი დაისმევა ძირითადი საკითხები
ვლადიმერ კონსტანტინიდი ​- სცენარი ახალი არ არის, რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმები მუდამ მიმართავენ დემარშს, როგორც კი დაისმევა ძირითადი საკითხები

რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმები ასეთი ფორმითა და მეთოდით თავს არიდებენ იმ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარს, რომლებზეც ვალდებულება აქვთ აღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ასეთი დემარში სიახლეს არ წარმოადგენს.

„ეს გახლდათ 48-ე რაუნდი, რომელზეც ქართულმა მხარემ, ტრადიციულად, სიმწვავით დააყენა ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ მუდმივად ვსვამთ ამ ფორმატში. ეს საკითხებია ძირითადად გამომდინარეობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან. პირველ რიგში, არის ჩვენი მოკლული მოქალაქეების საქმეზე სამართლის აღსრულების დაჩქარება, უკანონო ბორდერიზაცია, გამალებული მილიტარიზაცია რეგიონში და იქ არსებული რთული ვითარება როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ის საკითხები, რომელიც აქტუალურად დაისვა, მოგეხსენებათ, არის გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ამუშავება, განსაკუთრებული სიმწვავით დავსვით ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო ენგურის გადასასვლელი, რამაც კიდევ უფრო გაართულა მოქალაქეების ისედაც რთული მდგომარეობა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, სცენარი ახალი არ არის, რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმები მუდამ მიმართავენ ასეთი სახის დემარშს მაშინვე, როგორც კი ქართული მხარის მიერ დაისმევა ძირითადი საკითხები.

„განსაკუთრებით, ეს ეხება ჩვენს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობოდ და უსაფრთხოდ დაბრუნებას. შესაბამისად ამ რაუნდშიც იმ სცენარით წარიმართა პროცესები, როგორც წინა რაუნდებში. მათ არ უნდათ ამ საკითხების დაყენება, რადგან აშკარად იციან თავისი პოზიციის სისუსტე. შესაბამისად, რომ აირიდონ ეს მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, რომლებზეც ვალდებულება აქვთ აღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, ასეთი ფორმითა და მეთოდით თავს არიდებენ ამ საკითხებზე საუბარს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ.