ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - აშკარად მოსამატებელი აქვთ ბელგიას, საფრანგეთს, ინგლისსა და ესპანეთს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - აშკარად მოსამატებელი აქვთ ბელგიას, საფრანგეთს, ინგლისსა და ესპანეთს #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ, პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის შედეგები შეაჯამა, ფავორიტი გუნდები დაასახელა და მერვედფინალურ დაპირისპირებებზეც საკუთარი აზრი გამოთქვა.

 

„ჯგუფური ეტაპების ბოლო ტური საინტერესოდ ჩატარდა, რადგან ყველა თამაშში ვითარება წუთებში იცვლებოდა – გერმანია გავარდნის კანდიდატი იყო, უკრაინა ფაქტობრივად გავარდნილი გვეგონა, მაგრამ ირიბად სლოვაკეთი დაეხმარა და ა.შ. მე კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ საფეხბურთო ფესტივალს ვუყურებ.

ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ყველაზე მაღალი დონის და დახვეწილი ფეხბურთი იტალიის ნაკრებმა აჩვენა. თუმცა, მესამე შეხვედრაში მანჩინიმ რვა ფეხბურთელი შეცვალა და გამოჩნდა, რომ პირველ შემადგენლობაში უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებია.

აშკარად მოსამატებელი აქვთ ბელგიას, საფრანგეთს, ინგლისსა და ესპანეთს, რადგან ისეთი თამაში, როგორითაც ჯგუფიდან გავიდნენ, მომდევნო მატჩებში არ გაუვათ. მათ პოტენციალიც აქვთ, მაღალი კლასის მოთამაშეებიც ჰყავთ და უფრო მოინდომებენ. დარწმუნებული ვარ, უფრო მაღალი დონის თამაშებს ვნახავთ.

ვინც ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა? ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა, უკრაინამ, სლოვაკეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ. როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გადიხარ, ასე თამაში არ შეიძლება. რუსეთისა და უკრაინის ფეხბურთელები საფეხბურთო აზროვნებით, ტექნიკითა და სისწრაფეებით ევროპულ ნაკრებებს ჩამორჩებიან. ჩემი აზრით, არასწორი მიმართულებით ვითარდებიან. მათ მოთამაშეებს ისეთ უაზრო თანხებს უხდიან, უცხოეთში წასვლაზე არც ფიქრობენ. ძიუბას რომ ექნება 4.5 მილიონი, ადრე კი ჰქონდა 7 მილიონი, ეს ხომ ნონსენსია. მასზე უკეთესი ფეხბურთელები არიან და თეთრებს იღებენ. რატომ წავა უცხოეთში და თავს რატომ აიტკივებს?

ნიდერლანდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და უდავოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ფრანკ დე ბურს თუ აკრიტიკებდნენ, ამ სამ მატჩში აჩვენა, რომ ჯერ ყველაფერი რიგზე აქვს. ტრადიციული 4-3-3 სისტემა ისე შეცვალა 5-3-2-ით, რომ ფაქტობრივად, გარემარბები შემტევები არიან. მცველებიც და მეკარეც ძალიან კარგი ჰყავთ. ამავე დროს, ისეთ სატურნირო ბადეში მოხვდნენ, ველოდები, რომ ნაევარფინალში ითამაშებენ.

სლოვაკეთიც სუსტი იყო და ესპანეთმაც წარუმატებლობიდან დასკვნები გამოიტანა. მათი ორიენტირი იყო მეტი გატანა და არა ტიკი-ტაკას თამაში, მაგრამ მეორე გოლამდე სლოვაკეთთანაც გაუჭირდა. კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა სისწრაფეებზე და აგრესიულად უნდა ითამაშოს, რადგან ახლა უფრო მაღალი დონის მეტოქეებს დაუპირისპირდებიან. სხვაგვარად ძალიან გაუჭირდებათ. ახლა ხორვატიას ხვდებიან, რომელიც მტკიცე ხასიათის გუნდია და ამიტომ შანსები 50/50-ზეა.

სამი ტური გავიდა და ინგლისმა ისეთი უინტერესო ფეხბურთი აჩვენა, არ ვიცი, რა უნდა შეცვალოს, გერმანიას რომ მოუგოს?! ეს ძალიან ძნელი იქნება. გერმანიამ პორტუგალიასთან გვაჩვენა, როგორი ფეხბურთის თამაში შეუძლია, მაგრამ უნგრეთთან, მგონია, რომ ლიოვი ისევ შეცდა. პორტუგალიასთან ოპტიმალური შემადგენლობა ხომ მოძებნა, ასევე გაეგრძელებინა, ხომ შეიძლებოდა? გერმანიამ მაქსიმუმი თუ აჩვენა, მგონია, რომ მეტი შანსი გააჩნია.

ბელგიისგან ყველა ველოდებით, რომ ყველას მოუგებს, მაგრამ ფეხბურთში ყოველ კონკრეტულ თამაშში 100 პროცენტით მომზადებული უნდა გახვიდე. ამიტომ ბელგიამ ის ფეხბურთი არ აჩვენა, რასაც მოველოდით. თუმცა, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, გუნდშია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველი დე ბრუინი და ამიტომ უნდა მოუმატონ და დავინახავთ, რეალურად ბელგია როგორი ძალაა. პორტუგალია ასაკოვანი ნაკრებია, მაგრამ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

საფრანგეთი-შვეიცარიას რაც შეეხება – საფრანგეთს კარგი შემადგენლობა ჰყავს და შვეიცარიას ვერ შევადარებ, მაგრამ მოსამატებელი აქვს, პოგბასა და კანტესგან მეტს ველი. ბენზემა ძალიან კარგია, დამაჯერებლად თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ ჰყავს. გრიზმანსაც მოსამატებელი აქვს და მპაბესაც, რომელიც შესაძლებლობის 40 პროცენტით თუ თამაშობს“.