ვლადიმერ გუცაევი - 13 მაისს საერთო სურათში კახი ასათიანი ვერ მოხვდა, რადგან ემოციებისგან ტიროდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა 1981 წლის 13 მაისის დიუსელდორფის ფინალამდე განვლილი გზა და იენის „კარლ ცაისთან“ გადამწყვეტი დაპირისპირება გაიხსენა.
„პირველი მეტოქე ბერძნული „კასტორია“ იყო. პირველი მატჩი არ მითამაშია, რადგან ტრავმის შემდეგ ფორმაში შევდიოდი. მაგრამ ახალკაცმა საბერძნეთში მაინც წამიყვანა. მეორე მატჩში 2:0 მოვუგეთ. დიდი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა იყო და გოლი გავიტანე“.
მეორე ეტაპზე ირლანდიურ „უოტრფორდს“ შევხდით და არ მითამაშია. ზუსტად არც მახსოვს, რატომ არ ვითამაშე, თუ არ მეშლება ტრავმის რეციდივის გამო. საგაზაფხულო ეტაპზე „ვესტ ჰემს“ შევხდით. ხორვატიაში ვემზადებოდით. დილით 7 საათზე ვდგებოდით და ვემზადებოდით. ახალკაცმა დიდი დატვირთვა მოგვცა და ამბობდა, თუ ამას გაუძლებთ, თამაში გაგიადვილდებათო. იქ მოსტარში ტურნირი მოვიგეთ, გუნდში ყველამ თავისის საქმე იცოდა.
ამ შეკრებიდან პირდაპირ ლონდონში გადავფრინდით. რა დასამალია, იყო შიში, უფრო სწორედ მღელვარება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური თამაში, როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა გასვლაზე. ჩივაძემ აჩვენა, როგორ უნდა ეთამაშა თანამედროვე მცველს და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. მერე იყო ჩემი გოლი. 2:0 მოგების დიდი საწინდარი იყო.
იქ დათო ყიფიანმა დიდი როლი ითამაშა, გრძელი პასები იცოდა, შემდეგი ორი გოლი მისი პასებით წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. ინგლისელებმა იციან ფეხბურთელის და გუნდის დაფასება და ტაშით ამიტომაც გაგვაცილეს.
შემდეგ ნიდერლანდური „ფეიენოორდი“ შეგვხვდა. პირველ თამაშზე ბევრი იყო დამოკიდებული. მთელი ძალით უნდა გვეთამაშა, რომ გასვლით თამაშზე ნაკლები სირთულე გვქონოდა. თავიდანვე კარგად ვითამაშეთ. მაგრამ ერთი ეპიზოდი მახსენდება. მსაჯს ჩემი წაქცევისთვის პენალტი უნდა დაედო, მაგრამ ამის ნაცვლად, თავისუფალი დარტყმა დანიშნა – მსგავსი რამ არასოდეს გამიგია. მაგრამ მაინც 3:0 მოვიგეთ.
განმეორებითი მატჩი ნიდერლანდებში იყო კატასტროფა – არა თამაშის მხრივ, არამედ მსაჯობით – მსაჯი მასპინძლებს ძალიან მიუდგა, ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვინიშნა და სამი გოლი არ ჩათვალა. არაა გამორიცხული მოსყიდული ყოფილიყო. უეფა-ს ნაცვლად მას მოვკვეთავდი.
ფინალში „კარლ ცაისი“ გავიდა, რომელმაც „ვალენსიას“ და „ბენფიკას“ მოუგო. თან წინა წელს გდრ-ის ნაკრებმა ოლიმპიადა მოიგო, სადაც 5-6 მოთამაშე იენის გუნდიდან იყო. სათანადოდ ვემზადებოდით. თამაშამდე მთავარია სიტყვები – მწვრთნელის, კაპიტნის. საშამ თქვა, ბოლო თამაშია, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია. ნოდარ ახალკაცმა კი პატრიარქის გამოგზავნილი დეპეშა ამოიღო და წაგვიკითხა.
ფინალი რთული იყო, ვერ იტყოდი, ვინმემ მეტოქე დაჩაგრა. ორივე კარგი გუნდი ვიყავით. მეორე ტაიმი დაიწყო და გოლი გავუშვით, რაც დიდი მინუსია. შეიძლება მერე ვერ გაიტანო. დარასელიამ რომ გაიტანა, გერმანელების სახეებს შევხედე და მივხდი, რომ ფინალი მოვიგეთ. საერთო სურათში კახი ასათიანი არ იყო, რადგან სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ამხელა ემოციებისგან ტიროდა.
ფინალამდე შეგვპირდნენ, „ვოლგას“ ურიგოდ მოგცემთო – მაშინ საბჭოთა კავშირში „მერსედესიც“ ეს იყო და „ბე-ემ-ვეც“. 16 200 მანეთი ღირდა და გამოვიყვანეთ. ავტოინსპექციამ საჩუქარი გაგვიკეთა, ნომრების მიხედვით მოგვცეს 001 გაბელიას, ჩივაძეს – 003, მე – 009, ყიფიანს – 010…“