ვლადიმერ ბოისა - გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, გორდონ ჰერბერტმა მომწერა, ძალიან კარგი მწვრთნელი შეარჩიეთო #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ილიას ზუროსის შემდეგ სერბი ალეკსანდრ ძიკიჩი გაწვრთნის. ეს სპეციალისტი „ჯვაროსნებთან“ ერთად პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიაში გამართავს.
მწვრთნელთან დაკავშირებით ვესაუბრეთ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისას.
„როდესაც ახალი მწვრთნელის ჩამოყვანაზე მუშაობ, ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სპეციალისტს ეკითხები აზრს ამა თუ იმ მწვრთნელზე. რამდენიმესთან მქონდა საუბარი ალეკსანდრ ძიკიჩზე, ყველამ ერთნაირად დამიხასიათა – ძალიან მაღალი დონის სპეციალისტიაო.
მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, გორდონ ჰერბერტთან ხშირი მიმოწერა მაქვს. როდესაც საქართველოს ნაკრებში ძიკიჩის დანიშვნის ამბავი გაიგო, მომწერა – ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეთ, გილოცავთო“.
თებერვალში ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება, ხოლო ივლისში ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.