ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დამამძიმებელ გარემოებებში  ვიტალი საფაროვის  განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან განცხადების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა ბრალდება რომელიც შეეხებოდა განზრახ მკვლელობას ეროვნული შეუწყნარებლობის გამო და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვიტალი საფაროვის  დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში  ბრალდებულები ა.კ. და გ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილისში, ალექსანდრე დიუმას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.კ.-მ და გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით ვიტალი საფაროვს დაზიანებები მიაყენეს. ა.კ.-მ დანით ვ.საფაროვს  სხეულის სხვადასხვა არეში  მიაყენა ჭრილობები, ვ.საფაროვი შეეცადა თავი დაეღწია მისგან, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან ზურგის მხრიდან იგი გ.ს.-მ დაიჭირა და იმ დროს, როდესაც ა.კ. აგრძელებდა საფაროვისთვის ჭრილობების მიყენებას, ე.წ. კასტეტით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.საფაროვი წაიქცა, ხოლო ა.კ. და გ.ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვიტალი საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.კ. და გ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო), ისინი დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალიდან 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ამორიცხვის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და ორივე პირის ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობას და მათთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის საქმეზე ბრალდებულები გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისში მოკლეს.