ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკითხულმა ბრალდების მხარის მოწმემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განახცადა, რომ ბრალდებულებმა მკვლელობა ეროვნული სიძულვილის ნიადაგზე ჩაიდინეს.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ირაკლი ბელთაძე. ის ერთ-ერთი მოწმე იყო, რომელიც მომხდარის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულები გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი საფაროვის იმ გამონათქვამმა გააღიზიანა, როდესაც მან უთხრა, რომ იყო ებრაელი და ძალიან უყვარდა საქართველო.

„20:00-21:00 საათზე დამირეკა ჩემმა რუსმა მეგობარმა ქსენიამ და მითხრა, რომ თბილისში იმყოფებოდა და ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. მითხრა, რომ ფაბრიკაში იყო. 22:00 საათზე ქსენიას შევხვდი, რომელსაც თან ახლდა რუსი დაქალი. ჩვენ ვსვამდით ლუდს. მერე ქსენიას დაქალის თხოვნით რუსთაველზე მდებარე „დრამა ბარში“ წავედით. ოთარ გელაშვილი გამოჩნდა ამ დროს. მას ორი წელია, ვიცნობ ბათუმიდან, რომელსაც თან ახლდა ვიტალი საფაროვი და შემოგვიერთდნენ, ვსაუბრობდით. შემდეგ ოთარ გელაშვილი და ვიტალი საფაროვი ტერასაზე მოძრაობდნენ. სადღაც 03:00-04:00 საათზე ჩემთვის სამი უცნობი პიროვნება მოვიდა. სასმელი ვერ იყიდეს და დასხდნენ ტერასაზე. რუსულად საუბარს ვაგრძელებდით და როცა გავხედე, შევამჩნიე, რომ აგრესიულად გვიყურებდნენ. უცებ რაღაც შეძახილი მომესმა. მივედი, ქართველი ვარ-მეთქი, დავუწყე საუბარი ქართველობაზე, რომ არ უნდა გვქონდეს დავიდარაბა და ერთად უნდა ვიდგეთ. შემდეგ ჩემს მეგობრებთან დავბრუნდი. რაღაც დროის შემდეგ ისევ მივედი, გულში ხომ არ ჩარჩათმეთქი რამე და ისევ ქართველობაზე დავუწყე საუბარი. ერთ-ერთმა, გიორგი სოხაძემ, თავი დაგვანებე, რა გაგვიხურე საქმე ამ საქართველოზე ლაპარაკითო და შეიგინა. ამ დროს გელაშვილი მოვიდა და იგივე გვითხრა. შანავამ უთხრა, რატომ აგინებ საქართველოსო, იმან უთხრა ზოგადად შევიგინეო. ამ დროს კანდელაკიშვილმა თქვა, რომ კამერები არისო და გავიდეთო. „საბვეის“ მიმართულებით წავიდნენ, ჩვენც გავყევით. ყველანი, მე, გელაშვილი, ვიტალი და ერთი უცნობი ადამიანი. კიბეებთან გელაშვილი შანავას ელაპარაკებოდა. იქვე იდგა ვიტალი, სოხაძე და მე შუაში ვიდექი. შანავა და გელაშვილი კამათობდნენ. ვიტალი საფაროვი ეუბნებოდა სოხაძესა და კანდელაკიშვილს, რატომ კამათობთ საქართველოზე, მე ებრაელი ვარო, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს ვიცავო, მაგრამ ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველოო. სოხაძე და კანდელაკიშვილი ძალიან დაიძაბნენ. ვიტალი საფაროვი შანავასთან მივიდა და ამშვიდებდა. რაღაც მომენტში შანავამ ხელი მოუქნია, ვიტალი წაბორძიკდა, შანავამ ფეხი მოუქნია და ააცილა, თვითონ დაეცა ზურგზე. ვცდილობდით, სოხაძე გაგვეკავებინა და ისიც არ ჩართულიყო ჩხუბში. ამ დროს კანდელაკიშვილი მირბოდა დანით, შენი ებრაეული დედაო და მუცლის არეში რამდენჯერმე მოუქნია. სოხაძეც მივიდა და მარჯვენა მუშტით ურტყამდა, რაღაც ეკეთა, ჩემი აზრით კასტეტი. ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა, გავიქეცითო და ვერცხლის ქუჩისკენ გაიქცნენ. დავრჩით მე, ოთარ გელაშვილი და ის უცნობი. ვყვიროდით, გვიშველეთ. ამ დროს ხალხიც მოვიდა, წყალი მოიტანეს, მაგრამ ვიტალი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. პოლიციაც მოვიდა და ხუთ წუთში სასწრაფო, რის შემდეგაც წაიყვანეს საავადმყოფოში“, – განაცხადა მოწმე ირაკლი ბელთაძემ.

თუმცა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი სოხაძის ადვოკატი მის მკვლელობაში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაზე გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს ბრალი წარდგენილი აქვთ განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელი გარემოებებით, ჩადენილი ჯგუფურად რასობრივი რელიგიური ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო. დანაშაული 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.