მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP დარბაზმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის – „ვიტალი დარასელია 60″ – პრეზენტაციას უმასპინძლა.
წიგნის ავტორი ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა. „ვიტალი დარასელია 60″ ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია. წიგნში თავმოყრილია ფოტოები ვიტალი დარასელიას არქივიდან.
პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
წელს 35 წელი სრულდება ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებიდან. თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთზე, სოფელ უბისასთან მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.
ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას 13 ოქტომბერს 60 წელი შეუსრულდებოდა.