38 წლის წინ ვიტალი დარასელია გარდაიცვალა - ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გოლის ავტორი ორგზის ევროპის ჩემპიონი იყო (ვიდეო)

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებდიან 38 წელი გავიდა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი 1982 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა.

საუკუნეც რომ გავიდეს, არც დარასელია მიეცემა დავიწყებას და არც ის სიყვარული განელდება, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გოლის ავტორმა საქართველოსგან დაიმსახურა.

თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ თბილისის „დინამოსა“ და გერმანული გუნდის, იენის „კარლ ცაისის“ შეხვედრაში ანგარიში 1:1 იყო. 87-ე წუთზე დარასელია ორ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა და გადამწყვეტი გოლით საბჭოეთის პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი იშვიათი ბედნიერება მიანიჭა, გუნდს კი თავის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა.

თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული. ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. დარასელია ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. 1976 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1980 წელს კი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ქართული ფეხბურთის ლეგენდა 1982 წლის 13 დეკემბერს რიკოთზე ავტოავარიაში გარდაიცვალა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად – ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

მისი შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი ასევე ფეხბურთელი იყო, ახლა მწვრთნელია. მისი ქალიშვილი, ქრისტინა დარასელია ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია.

 

ვიტალი დარასელია

დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში

გარდაიცვალა 1982 წლის 13 დეკემბერს (25 წლის)

სიმაღლე: 172 სმ.

პოზიცია: ნახევარმცველი

პროფესიონალური კარიერა

1974 ამირანი ოჩამჩირე

1975-1982 დინამო თბილისი 192 მატჩი (26 გოლი)

სანაკრებო კარიერა

1978–1982 საბჭოთა კავშირი 22 (3)

საკლუბო მიღწევები

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1978

ვიცე-ჩემპიონი: 1977

ბრინჯაოს პრიზიორი: 1976, 1981

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1976, 1979

ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული: 1981

ფოტო: gettyimages.com