„ვიტ ჯორჯიამ“ კარი გაიჯახუნა - ბათუმის „დინამომ“ ოქროს ქულები დაკარგა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.
ანგისას საფეხბურთო კომპლექსში გამართულ შეხვედრაში პირველივე წუთიდან უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს: „ვიტ ჯორჯიას“ მეკარე ლევან ისერგიშვილმა ჯოვინო ფლამარიონის შესრულებული პენალტი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა ზუსტად დაარტყა.
ბათუმელებმა მეორე ნახევარში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რისთვისაც 86-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიამ“ მასპინძლები დასაჯა – სტუმართა შეტევა გუნდის კაპიტანმა ზვიად სეხნიაშვილმა დააგვირგვინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ლიდერმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, „ვიტ ჯორჯიას“ კი ეს ქულა ვეღარ უშველის – მისმა უშუალო კონკურენტმა ბოლნისის „სიონმა“ ხვალ, საჩხერეს „ჩიხურასთან“ საშინაო შეხვედრაც რომ წააგოს და დარჩენილი მატჩებიც, „ვიტ ჯორჯიამ“ კი ბოლო მატჩები მოიგოს და ქულებით გაუთანაბრდეს, პირად შეხვედრებში უპირატესობა მაინც ბოლნისელებს გააჩნიათ.
ბათუმელთა მოუდნელი საჩუქრით შეიძლება ისარგებლონ თბილისის „დინამომ“ ან „საბურთალომ“. 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „მიხეილ მესხზე“, ეს ორი გუნდი კვირას, 27 ოქტომბერს, ერთმანეთს ხვდება. თბილისის „დინამოს“ 62 ქულა აქვს და მოგების შემთხვევაში ერთპიროვნული ლიდერი გახდება, „საბურთალო“ კი, რომელიც 60 ქულით მესამე ადგილზეა, მოგების შემთხვევაში თანაქალაქელებს გადაუსწრებს და ბათუმელებთან ჩამორჩენას ერთ ქულამდე შეამცირებს.