ვიქტორიას ტბაზე ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა
ვიქტორიას ტბაზე ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაზე ბორანის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ტანზანიის პრეზიდენტმა ქვეყანაში ოთხდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ვიქტორიას ტბაზე ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამგზავრო ბორანმა კატასტროფა უკორას კუნძულთან ახლოს, ღამის საათებში განიცადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორანი 100 მგზავრისთვის იყო განკუთვნილი. მასზე კი, 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ბორანმა მგზავრთა გადაჭარბებულ რაოდენობას ვერ გაუძლო და როდესაც ხალხის დიდი ნაწილი მის ერთ ნაწილში მოექცა, გადაყირავდა.

ტანზანიაში კუსტარულად დამზადებული ბორნებისა და ბორტზე მგზავრების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, კატასტროფები ხშირად ხდება. პირველი ტრაგიკული შემთხვევა 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ვიქტორიას ტბაზე ბორანის ჩაძირვას 800 ადამიანი ემსხვერპლა. მსგავსი კატასტროფები მოხდა ასევე 2011-2012 წლებშიც. ორივე შემთხვევისას საერთო ჯამში 345 ადამიანი დაიღუპა.