ვიქტორ ყიფიანი - კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა
ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა; ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
კერძოდ, ადვოკატმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რატომ არ არის სწორი და რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ“. ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს. „მე არ მაქვს ფაქტები, ფაქტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო იქ მთელი კონტრარგუმენტებით იმიტომ, რომ ხომ იციან, ოპოზიცია იქ რა არგუმენტებით მუშაობდა? მე პრეზიდენტი ვარ და მე ხომ არ ჩავერთვები ამაში?“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ადვოკატი ამბობს, რომ კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილს კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა.
„ჩვენ ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა. ეს ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუმცა ეს რა მოსატანი არის, ინტერვიუ ხანგრძლივი იყო და ამიტომ ჩვენ სხვა მეტად საინტერესო და უცნაური შეფასებები მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან. თავს არ შევაწყენ მსმენელს ახლა ამ უცნაურობის განმარტებით და ამით შემოვიფარგლები, ნიშნად ჩემი პატივისცემისა ინსტიტუტისადმი.
ადვოკატი, ზოგადი გაგებით, ნიშნავს ადვოკატირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ლობირებას, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური დატვირთვის დოკუმენტზე; ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.