ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია - „უფრო მეტი საგანგაშო ამბები ვრცელდება რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, სიტუაცია ნათელია, ბრიუსელში ბიუროკრატები არ უჭერენ მხარს აშშ-ის სამშვიდობო გეგმას“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კოვაჩი წერს, „ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია ბრიუსელის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის გახანგრძლივებას ითვალისწინებს“.
ამასთან, ორბანმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატები არ უჭერენ მხარს აშშ-ის სამშვიდობო გეგმას.
„ჩვენ ეს შეხვედრა მოვიწვიეთ, რადგან უფრო მეტი საგანგაშო ამბები ვრცელდება რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ. სიტუაცია ნათელია. სამწუხაროდ, პრეზიდენტ ტრამპის ამბიციების მიუხედავად, ჩვენ ომიდან კი არ გავდივართ, არამედ კიდევ უფრო შევდივართ. ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატები არ უჭერენ მხარს აშშ-ის სამშვიდობო გეგმას. მათ გადაწყვიტეს, უკრაინამ გააგრძელოს ომი. უნგრეთი ამის წინააღმდეგია. უნგრეთი ამჯობინებს, მხარი დაუჭიროს ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევებს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ ფაქტისთვის, რომ ბრიუსელის მმართველობა დაინტერესებულია ომის გაგრძელებით და ყველაფერს გააკეთებს, რათა უნგრეთი ომის მომხრე ევროპულ კოალიციაში ჩაითრიოს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციები და უცხოეთიდან დაფინანსებული ცილისწამების კამპანიები გაძლიერდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ვიდეომიმართვაში, რომელიც თავდაცვის საბჭოს დასრულების შემდეგ გავრცელდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტი და უნგრელი ოჯახების უსაფრთხოება დაცული იქნება.