ვიქტორ ორბანი - ვაპირებთ, ელექტროენერგიის ყველაზე გრძელი კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი, ნამდვილი როკენროლია, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე
ვიქტორ ორბანი - ვაპირებთ, ელექტროენერგიის ყველაზე გრძელი კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, 30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი, ნამდვილი როკენროლია, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე

ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთში სერიოზული ენერგოკრიზისია, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი.

„მე რუმინეთში 18 წლის შემდეგ ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე, ძალიან თვალშისაცემია წინსვლა და ვულოცავ ქვეყანას ამ პროგრესს. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობა შენგენის ზონაში. ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში და ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს და რუმინეთი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ამ ზონის წევრი. გარწმუნებთ, რომ რუმინელი მეგობრები ნამდვილად უნდა იყვნენ ჩვენს იმედზე, ჩვენ ამას მივაღწევთ.

რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ისეთი დამაბნეველია ეს სიტუაცია, რომ ასეთი არც გვახსოვს ჩვენს სამეზობლოში. მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთში, სერიოზული ენერგოკრიზისია, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი, ამავდროულად, მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას და ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავდროულად, ჩვენ უპრეცედენტო ზომები გვაქვს განსახორციელებელი ბაზრების დასაცავად, იმასთან შედარებით, რაც ოდესმე გვქონია. ეკონომიკის ისტორიაც ცხადყოფს, რომ ევროპაში იაფი ენერგიისა და ნედლეულის იმპორტი რუსეთიდან უკვე წარსულს ჩაბარდა და აწმყოს აღარ ეკუთვნის. ჩვენ ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება უნდა დავაფუძნოთ ახალ ძალისხმევას. ახალი სტრატეგია არ გვქონდა, ახლა ჩვენ გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ, ლიდერებმა, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ჩვენს ერებს, ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, რადგანაც შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა, დივერსიფიკაცია მხოლოდ იქამდეა ოცნება, ვიდრე ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული. ევროპის ტერიტორიაზე, გონივრულ საზღვრებში, კასპიის ზღვიდან გვაქვს ამ ენერგორესურსების მოწოდების შესაძლებლობა და, ევროკომისიის ძალისხმევითა და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. მიხარია, რომ აზერბაიჯანი და პრეზიდენტი ალიევი ყოველთვის ღია იყვნენ ევროკავშირთან თანამშრომლობის იდეის მიმართ.

მე ყოველთვის შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია, ენდოს აზერბაიჯანს, როგორც სანდო პარტნიორს და მომწოდებელს. ჩვენ შეგვიძლია, უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსახდენად და როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს იმისთვის, რომ დღეს გვაქვს საშუალება ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას ენერგოსექტორში“, – განაცხადა ორბანმა.