ვიქტორ ორბანი - უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ
ვიქტორ ორბანი - უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გამოცემა „ლე ფოინთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის პრემიერის თქმით, „უკრაინელები მზად არ იქნებიან მოლაპარაკებისთვის და ევროპელები მზად არ იქნებიან მათი სრულუფლებიანი წევრობისთვის“.

ორბანი აღნიშნავს, რომ უნგრეთი უკრაინის მეზობელი ქვეყანაა და ხელისუფლებაში მყოფებმა იციან, რა ხდება უკრაინაში.

„უკრაინა, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში. რა ხუმრობაა! ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერი ასახელებს ეკონომიკურ მიზეზსაც. მისი თქმით, თუნდაც საფრანგეთს დამატებით 3.5 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევდა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში, თუკი უკრაინა ევროგაერთიანებას შეუერთდება.

ორბანმა ასევე დაასახელა სოფლის მეურნეობის სფერო და აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებას საშინელი შედეგები მოჰყვება.

„უკრაინა დიდი ქვეყანაა, მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობით. თუკი თქვენ საშუალებას მისცემთ ამ სოფლის მეურნეობას ევროპული სოფლის მეურნეობის სისტემაში შევიდეს, ის მეორე დღესვე გაანადგურებს მას“.

ორბანი მიიჩნევს, რომ საჭიროა სოფლის მეურნეობის სუბსიდირების სისტემის ტრანსფორმირება.

„ისეთივე შეცდომები რომ არ დაუშვან, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა, საჭიროა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე საბაჟო და უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა ორბანმა.