ვიქტორ ორბანი უარს ამბობს, რომ მომდევნო კვირაში ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უარს ამბობს, მომდევნო კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების საკითხი განიხილონ. უნგრეთის მთავრობის მეთაური მოითხოვს ევროკომისიისგან, დამატებითი დეტალები წარუდგინოს ბუდაპეშტს, სადაც საწვავის ალტერნატიული წყაროები იქნება მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთი რუსული ნავთობის ემბარგოს მხარს ვერ დაუჭერს. ამის შესახებ ნათქვამია ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
„სანქციების ახალი პაკეტის განხილვა ლიდერების თანდასწრებით, მაშინ, როდესაც კონსენსუსი არ არსებობს, კონტრპროდუქტიული იქნება. ეს გამოაჩენს შიდა უთანხმოებას, ისე, რომ მათი დაძლევის რეალური შანსი არ იქნება წარმოდგენილი. ამიტომ მე გთავაზობთ, ეს საკითხი ევროკავშირის მომდევნო სამიტზე არ განვიხილოთ“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ევროკომისია თითქმის მთელი მაისის განმავლობაში ცდილობდა, დაერწმუნებინა წევრი სახელმწიფოები, მხარი დაეჭირათ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს რუსულ ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგოს დაწესებას. თუმცა, უნგრეთის დარწმუნება ვერ მოხერხდა. რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ასევე გამოდიოდნენ ბულგარეთი და ჩეხეთი, რომლებიც რუსულ „შავ ოქროზე“ მნიშვნელოვანწილად არიან დამოკიდებული.
გასულ კვირაში ევროკავშირმა გამოაქვეყნა გეგმა, რომელის მიხედვითაც, ევროკავშირმა 2027 წლის ბოლომდე უარი უნდა თქვას რუსულ წიაღისეულ საწვავზე.
თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ ბუდაპეშტს ეს გეგმაც არ აკმაყოფილებს, რადგან მასში არ არის წარმოდგენილი დაფინანსების წყაროები, რომლებითაც უნგრეთმა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების მოხსნა უნდა შეძლოს.