ვიქტორ ორბანი - რუსებს ნატო-ზე თავდასხმა ნამდვილად არ შეუძლიათ, ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის
ვიქტორ ორბანი - რუსებს ნატო-ზე თავდასხმა ნამდვილად არ შეუძლიათ, ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნატო-ს ქვეყნებისთვის რუსეთის მხრიდან რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან მან უკრაინაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა, ამავდროულად, ორბანი ამბობს, რომ უკრაინა „ომს აგებს“.

ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია რუსეთ-უკრაინის ომის გლობალურ ფორმატში გადასვლის.

„რუსები ამისთვის ძალიან სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა ნამდვილად არ შეუძლიათ“, – ამბობს ორბანი.

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ უკრაინა „ომს აგებს“ და, სავარაუდოდ, მის დასასრულებლად რეალური მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიმართება.

„ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა იმიტომ, რომ ომს აგებს და ევროპა იმიტომ, რომ ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.